ზაფხული რომ ქორწილებისა და დღესასწაულების სეზონია, ალბათ, ამაზე ყოველი ჩვენგანი ვთანხმდებით – მზის სინათლით გაჯერებული გრძელი დღეები, ჰაერში გაფანტული ეიფორია, ბევრი შამპანური და თავგადასავლები, რომლებიც მყარად ილექება ჩვენს მეხსიერებაში. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ნებისმიერ მოსაწვევს თან სდევს მცირე მღელვარება: როგორ შევქმნათ სრულყოფილი იმიჯი საზაფხულო წვეულებისთვის? რეალურად, ეს არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს – მთავარი საიდუმლო სილუეტებისა და ფაქტურების სწორ სინთეზშია. დღევანდელ სტატიაში კი წარმოგიდგენთ სეზონის იმ წამყვან ტენდენციებს, რომლებიც საუკეთესო ლუქის შექმნაში დაგეხმარებათ.

რადგან ზაფხულზე ვსაუბრობთ, პირველი ასოციაცია, ბუნებრივია, სანაპიროს წვეულებებთან მიდის. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მოსაწვევზე მითითებული ლოკაცია სწორედ ზღვის პირასაა, მკაცრი ფორმები და მძიმე ქსოვილები დაივიწყეთ. სანაპიროს ესთეტიკას ყველაზე მეტად ბოჰემური სტილის, თავისუფალი და ფრიალა კაბები პასუხობს და საუკეთესო არჩევანიც სწორედ ამ თავისუფლებაში იმალება.

არაფერი უხდება ცხელ დღეებს ისე, როგორც ტილო. თუ დღესასწაულისთვის ერთდროულად დახვეწილ და კომფორტულ სამოსს ეძებთ, დაგვერწმუნეთ, ტილოს ორეულზე უკეთეს ალტერნატივას უბრალოდ ვერ იპოვით. და, სად შეიძლება აღმოაჩინოთ სასურველი მოდელი, თუ არა Blooms Tbilisi-ის შოურუმში, სადაც 2026 წლის ზაფხულისთვის ფერთა იდეალურ და მრავალფეროვან პალიტრა დაგხვდებათ.

საზაფხულო წვეულებების შეუცვლელი ქსოვილი, უდავოდ, აბრეშუმია, რომლის თხელი, ნაზი ფაქტურა ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას. თუ უპირატესობას ბუნებრივ ბზინვარებას ანიჭებთ და გსურთ ნებისმიერ გარემოში შესამჩნევი იყოთ, მაშინ აბრეშუმის კაბა თქვენი იდეალური ალტერნატივაა.

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ მზიანი დღეები ყვავილების გარეშე წარმოუდგენელია და ეს განწყობა, რა თქმა უნდა, სამოსზეც აისახება. ყვავილებიანი პრინტი იმიჯს განსაკუთრებულ რომანტიზმსა და სიხალისეს მატებს, რაც იდეალურად ეხმიანება სადღესასწაულო განწყობას.

მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი ჰიტი კოპლებიანი სამოსია. ასეთი კაბა საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს საკუთარი ლუქი კინემატოგრაფიულ, რეტრო ესთეტიკას მოარგოს და წვეულებაზე ვინტაჟური შარმით წარსდგეს.

ნაზი ვიზუალის მოყვარული ქალბატონებისთვის მაქმანზე უკეთესი ვარიანტი არ არსებობს და საბედნიეროა ის ფაქტი, რომ მიმდინარე წელს ეს ფაქტურა კვლავ აქტუალურია. მაქმანით გაწყობილი ქსოვილები განსაკუთრებით უხდება ღია ცის ქვეშ, მდელოზე გამართულ წვეულებებს, სადაც მზის სხივები იდეალურად კვეთს სილუეტის თითოეულ დეტალს.

სიკაშკაშის მოყვარულთათვის კი უალტერნატივოა ბრჭყვიალა ქსოვილი, რომელიც თანაბრად ეფექტურია როგორც მზის შუქზე, ისე საღამოს განათებაზე. სინამდვილეში, ზაფხულის სადღესასწაულო ატმოსფეროს სწორედ ეს სითამამე და ბრწყინვალება ქმნის.

და ბოლოს, კიდევ ერთი უნიკალური არჩევანი მსუბუქი და ჰაეროვანი შიფონია. ეს ქსოვილი მზიან ამინდშიც კი გაძლევთ საშუალებას, თავი მაქსიმალურად კომფორტულად და ელეგანტურად იგრძნოთ. ასე რომ, თუ ჯერ კიდევ ფიქრის პროცესში ხართ, გაითვალისწინეთ- შიფონის კაბები 2026 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია.

