თავი მეხუთე: ურთიერთობა სერიოზულ სახეს იღებს…
კარლო: სოფია ბედნიერი იყო იმ ფაქტით, რომ სიყვარული მეწვია. განსაკუთრებით მოეწონა ის ფაქტი, რომ მარიამი დედაა, რადგან მისთვის ოჯახი უპირველესი ფასეულობაა, და ჩემი რჩეულის მიმართ დადებითად განეწყო. დედა ნეაპოლიდანაა და ბევრ პარალელს ავლებს ჩვენს კულტურებს შორის. იტალიური და ქართული ურთიერთობები, ცხოვრების წესი, მრწამსი და ყოველდღიური დეტალები – იქნება ეს ხმაურიანი და ცოცხალი სამეზობლო, ერთმანეთთან გადაძახილით საუბარი, სტუმარმასპინძლობა თუ რაიმე სხვა –ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
მარიამი: ჩემი და კარლოს ურთიერთობაზე მხოლოდ მას შემდეგ ავლაპარაკდი საკუთარ ოჯახის წევრებთან, რაც გაცნობის ეტაპს გადავაბიჯეთ და სერიოზული სახე მიიღო. მაშინ საჭიროდ ჩავთვალე, რომ კარლოსთვის ჩემი შვილი, ბებია, მამა და ძმები გამეცნო. რა თქმა უნდა, მათი პირველი ემოცია გაოცება იყო. ჩემი ოჯახისთვის ცოტა რთულად დასაჯერებელი აღმოჩნდა ეს ამბავი. ყველაზე მეტად მახარებს ის ფაქტი, რომ კარლოსა და დემეს შორის განსაკუთრებული კავშირი ჩამოყალიბდა.
აღსანიშნავია, რომ პირად ცხოვრებაში ჩვენი განვლილი გზები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და, ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შევხმატკბილდით სწორედ იდენტური გამოცდილებაა. იმ ყველაფერმა, რაც გამოვიარეთ, საფუძველი მოგვცა მყარი ქორწინების ასაშენებლად.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ოჯახი ვერცერთმა შევინარჩუნეთ, ორივე ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრების ეტაპი იყო; მან შეგვძინა შვილები- დემეტრე, ვიქტორიო და ბეატრისი.

თავი მეექვსე: ორი ხელის თხოვნა
კარლო: ხელის თხოვნა სპონტანურად გადავწყვიტე, ევროპაში გაფრენამდე. თბილისის აეროპორტში მდგარმა- როცა თვითმფრინავში ჩასხდომა წუთი წუთზე უნდა დაწყებულიყო – ვკითხე, ცოლად გამომყვები- მეთი? რა თქმა უნდა, მარიამი დამთანხმდა… და ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მომენტი.
მარიამი: გაფრენამდე, კაფეში ჩამოვსხედით ყავის დასალევად და რაღაც მომენტში მივეხუტე. მან სიყვარულით მომხვია ხელი და უეცრად მკითხა, ცოლად გამომყვებიო? იმწუთას საერთოდ არ ველოდი, რომ ხელს მთხოვდა- ბეჭედიც კი არ ჰქონია თან! თუმცა, შინაგანად მზად ვიყავი კარლოსთან ერთად მთელი ცხოვრების გასატარებლად და, რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი. მეორედ უკვე ტრადიციების დაცვითა და უმშვენიერესი ბეჭდით მთხოვა გავმხდარიყავი მისი ცხოვრების მეგზური. ეს მოხდა რომში, ქალბატონი სოფიას დაბადების დღემდე.

თავი მეშვიდე: ქორწილისთვის მზადება
კარლო: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ქლიქ ივენთსს“ გამოვლენილი პროფესიონალიზმისთვის. პირადად მაკასა და სოფოს დიდი კომპლიმენტი ჩვენგან- ფაქტობრივად, საკუთარ ოჯახის წევრებად მივიჩნევთ. რომ არა ისინი, შეუძლებელი იქნებოდა ესოდენ შთამბეჭდავი ღონისძიების დაგეგმვა.
მარიამი: ქორწილის თემატიკად ქართული კულტურა ავირჩიეთ და ცერემონია ძირითადად ტრადიციულ ელემენტებს შეიცავდა. ბევრი სტუმარი პირველად ეწვია საქართველოს და გვინდოდა მათთვის ჩემი სამშობლო გაგვეცნო. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ერი ვართ, ჩვენი ისტორია იმდენად ძველისძველი და მრავალფეროვანია, რომ იმსახურებს პოპულარიზებას. ჩემს პირად მიზნად მიმაჩნია, რომ საქართველოს კულტურული დესპანი ვიყო- მთელ სამყაროს მივაწვდინო ხმა, თუნდაც ჩემი ქორწილითა და სიყვარულის ისტორიით; ვუამბო როგორია საქართველო და ქართველი ხალხი.
კარლო: 26 ივლისს საქართველოში პირველი ქორწილი გვქონდა- ჯამში სამასამდე სტუმარს ვუმასპინძლეთ. მეორე საქორწილო ღონისძიებას შემოდგომისთვის ვგეგმავთ, ჟენევაში; ცერემონიას ამჯერად დედაჩემი პირადად დაესწრება. პირველი ქორწილისთვის საქართველოში 50 საერთაშორისო წარმომავლობის სტუმარი ჩამოფრინდა. პატივი დაგვდეს და გვეწვივნენ, შესაბამისად, აბსოლუტურად ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო დასაორგანიზებელი: სასტუმროს ჯავშანი, აეროპორტიდან ტრანსფერი, მათი გართობა და დასვენება. მინდოდა, ისეთივე ძლიერი შთაბეჭდილება მომეხდინა ჩემს მეგობრებზე, როგორიც მე განვიცადე საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტისას. მათ თავს გადახდათ დაუვიწყარი, გასტრონომიული თავგადასავალი; მოვიწვიეთ საუკეთესო მომღერლები, რომლებმაც როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკური კომპოზიციები შეასრულეს; დავიქირავეთ მოცეკვავეებიც, ფოლკლორული ნომრების შესასრულებლად. ასევე, წინ წამოვწიეთ რელიგიური მხარე და მრწამსი- როგორც უკვე იცით, ჯვარი ეკლესიაში დავიწერეთ. უდიდესი ბედნიერება განვიცადე იმ ფაქტით, რომ ჩემი სტუმრები საქართველოში მიღებული კულტურული გამოცდილებით მონუსხულები დარჩნენ. მათ შეუყვარდათ ჩემი მეორე სამშობლო – გაოცდნენ მისი ღრმა სულიერებით, სპირიტუალურობით და კეთილგანწყობილი, სტუმართმოყვარე ერით. ჩემი შეფასებით, ეს იყო ძალიან წარმატებული ქორწილი – ერთგვარი სავიზიტო ბარათი ქვეყნისთვის – ვინაიდან თითოეულ სტუმარს დაბრუნება სურს.

თავი მერვე: ქართული ცეკვა და კარლო პონტის პერსონალური ტრანსფორმაცია
კარლო: მე მკაცრად დისტიპლინირებული ადამიანი ვარ. მიყვარს, როცა ყველაფერი ორგანიზებული, ზედმიწევნითი და სრულყოფილად შესრულებულია.
მარიამი: დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებოდი საქორწილო სამზადისს. განსაკუთრებით ქართული საცეკვაო ნომრებისთვის მზადებას, თუმცა გულახდილად რომ ვთქვათ, ამ საკითხში კარლომ მეტად გამოამჟღავნა დისციპლინირებულობა.
კარლო: ცეკვისა და მუსიკის სინქრონიზაციისთვის დიაგრამებიც კი დავხაზე – რომ მოძრაობები მუსიკალური ტაქტისთვის დამემთხვია. სუხიშვილებმა სხვა წყვილებთან მუშაობა სწორედ მაგ მატრიცით გააგრძელეს და ამის გაგება ძალიან მესიამოვნა.
ცეკვის სწავლისას მომეცა საშუალება, სრულად განმეცადა ქართული კულტურის მრავალშრიანობა და ღრმა შინაარსი. მასში ისახება ქართული მორალი დაფასეულობები: სიყვარული, ძალა, გამძლეობა, ღირსება, სინატიფე დაელეგანტურობა. ვფიქრობ, ეს ფასეულობები საქართველოსგან სხვაკულტურებსაც ესწავლებათ. ეს არის სულიერად უხვი და მაღალი იდეალების მქონე ქვეყანა. მარიამი ამ ფასეულობების მატარებელია, მასში ღრმადაა ფესვგადგმული ის, რასაც ქართულ სულს ვუწოდებთ. მე ხომ მუსიკოსი ვარ, შესაბამისად, კულტურასაც ამ პრიზმით აღვიქვამ. ცეკვის სწავლისას ქართული მუსიკის თავისებურებებსა და ფასეულობასაც ჩავწვდი.
გიორგი მანჯგალაძე, პუსკა გამსახურდია და ნინუკა შარაშელიძე – სუხიშვილების მოცეკვავეები – დაგვეხმარნენ ქორწილისთვის საცეკვაო ნომრების მომზადებაში. საერთო ჯამში, მთელ ამ პროცესში ერთმანეთს საკუთარი ცოდნა გავუზიარეთ – ფანტასტიკური გამოცდილება იყო! ვფიქრობ, როგორც არტისტი, აღარასდროს ვიქნები ის, ვინც წინათ. დირიჟორობის მნიშვნელოვანი კომპონენტი დგომის მანერაა, ქართული ცეკვის შემდეგ კი სულ სხვაგვარად ვდგავარ სცენაზე. ჩვეულებრივ, როცა სცენაზე გადიხარ, სიტყვები საჭირო არ არის, შენი გამოჩენა თავისთავად მრავლისმთქმელია. მუსიკოსები შეიგრძნობენ იმას, თუ ვინ ხარ, რას წარმოადგენ – ეს არის ტელეპათიური კავშირი! ამიერიდან, სცენაზე სულ სხვაგვარად – ქართველი მოცეკვავესავით – გავალ.

თავი მეცხრე: უხილავი და ხილული კავშირი საქართველოსთან
კარლო: ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთ გამორჩეულ და კულტურულად მდიდარ ქვეყანასთან ვარ დაკავშირებული უხილავი ძაფებით. ჩემი ცხოვრების სამი უმნიშვნელოვანესი მოვლენა სწორედ საქართველოში განვითარდა:
2016 წელს შესაძლებლობა მომეცა, მემუშავა ისეთ დიდებულ არტისტებთან, როგორებიც არიან ნინო სურგულაძე და ნინო ანანიაშვილი. ვუდირიჟორე სპექტაკლს, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა. ეს იყო ჟან კოქტოს ნაწარმოების „ადამიანის ხმა“ და ფელინის „სტრადას“ სინთეზირებული ვერსია. იტალიიდან მთელი შემოქმედებითი გუნდი ჩამოვიდა და ქართველებთან ერთად მუხლჩაუხრელად იშრომა. სპექტაკლზე დასასწრებად დედაჩემიც ჩამოფრინდა – ის პირველად ეწვია საქართველოს და ერთი ნახვით შეუყვარდა ეს დიდებული ქვეყანა.
შემდეგ, 2021 წელს, მარიამს – ჩემი ცხოვრების მეგზურს – შევხვდი…
ახლახან კი, ქორწილი გადავიხადე საქართველოში. იმდენი ძვირფასი მოგონება მაკავშირებს ამ მიწასთან, ამ ხალხთან, რომ შეუძლებელია თავს უცხოდ ვგრძნობდე – მივიჩნევ, რომ სახლში ვარ.
ჩემთვის შთამაგონებელია მთავარი ქართული მესიჯი, კომუნიკაციის პრინციპი: თუ მეგობრად მოხვალ, ფიალით ხელში დაგხვდები, მაგრამ თუ მტრობას მიპირებ, მახვილ ხმალს აღვმართავ. ქართველები ძლიერი ხალხია და თან იციან, რა ძალას ფლობენ… ეს კი ავტომატურად პატივისცემით განგაწყობს მათ მიმართ. ასევე, ქართველებს სხვა ნაციისგან გამოარჩევს პირნათელი ბუნება – თუკი არ მოეწონები, გაგრძნობინებენ, პირდაპირ გეტყვიან, რომ შენი ქმედება დასაძრახია. გამჭვირვალე და პირდაპირი ერია, არ დაგიწყებენ პირფერობასა და გუნდრუკის კმევას.

თავი მეათე: უახლოესი მომავლის გეგმები
მარიამი: კარლო არჩევანის თავისუფლებას მაძლევს და ჩემს პირად სივრცეს პატივისცემით ეკიდება, რაც ბევრ ნიუანსში ვლინდება, თუნდაც მომავლის გეგმებში. როცა მეუღლემ ჟენევაში საცხოვრებლად გადასვლა შემომთავაზა – ჩემი შვეიცარიაში ცხოვრების მცდელობის მიუხედავად – მომიწია უარი მეთქვა.ძალიან გამიჭირდა ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან და ჩემი მშობლიური გარემოსგან შორს ყოფნა. ის კი გაგებით მოეკიდა ჩემს არჩევანს და შევთანხმდით, რომ ჟენევაში გადავალ მაშინ, როცა ესოდენ დიდი ცვლილებისთვის მზად ვიქნები. გულწრფელად რომ ვთქვა, პირადად მე საქართველოში ცხოვრება მირჩევნია… და ვინ იცის, იქნებ მომავალში კარლომაც შეიცვალოს მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით.

ინტერვიუ: თათული ღვინიანიძე
ფოტო: Frame me / Marina Karpiy
ივენთის ორგანიზატორი: Click Events / Click Wedding

