N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი პერსონა

მარიამ შარმანაშვილის და კარლო პონტის სიყვარულის ისტორია და ქართული ქორწილი (ნაწილი 1)

აგვისტო 7, 2025
A A
344
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

სოფი ლორენის ვაჟმა, ცნობილმა დირიჟორმა კარლო პონტიმ და მისმა ქართველმა რჩეულმა, მარიამ შარმანაშვილმა 26 ივლისს მცხეთაში, სამთავროს მონასტერში, ჯვარი დაიწერეს. ვარსკვლავურმა წყვილმა სტუმრებს განსაკუთრებული საქორწილო ღონისძიებით უმასპინძლა. ქორწილს დაესწრო ქართული, იტალიური და საერთაშორისო ბომონდი.

ჟურნალ „ნარგისისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კარლომ და მარიამმა გულახდილად ისაუბრეს სამზადისზე, საკუთრივ ცერემონიასა და მათი ურთიერთობის ყველაზე ფაქიზ, ფარდისმიღმა ასპექტებზე; ჩაუღრმავდნენ როგორც ბედისწერის ძალას, ასევე, კარლოსა და საქართველოს განსაკუთრებულ კავშირს.

თითოეული ადამიანის ბიოგრაფია ცალკეული წიგნია, მაგრამ ზოგჯერ – როცა ბედისწერა გვიღიმის და ცხოვრების მეგზურს ვპოულობთ – საერთო ისტორია იწერება. გთავაზობთ მარიამისა და კარლოს ამაღელვებელ სიყვარულის ამბავს:


თავი პირველი: დედისთვის მიცემული პირობა

მარიამი: ბავშვობიდან დედა მეუბნებოდა ხოლმე, ძალიან იღბლიანი ხარო… უპირობოდ მჯეროდა მისი სიტყვების. რამდენი უიღბლობა ვიწვნიე, ეს სიტყვები კი არასდროს დამვიწყებია. ალბათ, მხარდაჭერა და საკუთარი თავის რწმენა მშობლისგან მიღებული ყველაზე ძვირფასი საჩუქრებია — სწორედ ეს წარმართავს ჩვენს მთელ ცხოვრებას.

ოცდაერთი წლის ასაკში დედა გარდამეცვალა და საყრდენი გამომეცალა თითქოს; ისეთ რეალობაში აღმოვჩნდი, რომლისთვისაც მზად არ ვიყავი.

ყოველთვის, როცა ცხოვრებაში დაბრკოლება მხვდება, ინსტინქტურად ვიწყებ რაღაც ახალზე ფოკუსირებას – თითქოს ასე ვპოულობ ძალას წინააღმდეგობის გადასალახად. მე და დედას ძალიან გვიყვარდა ხალხური კომპოზიციების ერთად მოსმენა, ამიტომ მისი გარდაცვალების შემდეგ, ფოლკლორში გადავეშვი (მოგვიანებით ამ ცოდნამ მე და კარლო დაგვაახლოვა). ამგვარად, მსურდა, ერთი მხრივ, სულიერი საზრდო მეპოვა, მეორე მხრივ, კი ერთგვარი კავშირი დამემყარებინა დედიკოს სულთან.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა დედა უგონოდ იწვა პალატაში, მე კი იმედს ვიტოვებდი, რომ გადარჩებოდა… დავპირდი მას, რომ აუცილებლად ბედნიერები ვიქნებოდით… სწორედ ამიტომ, მას შემდეგ, რაც დაგვტოვა, ვცადე თავი ხელში ამეყვანა და ცხოვრება მეტი შემართებით გამეგრძელებინა. დღეს – როცა დაბრკოლებების მიუხედავად, ფეხზე დავდექი და მისთვის მიცემულ სიტყვას ხორცი, მართლაც, შევასხი – ორმაგად ბედნიერი ვარ… და ზუსტად ვიცი, რომ ამ ბედნიერებას დედიკოც იზიარებს.


თავი მეორე: საბედისწერო ნაცნობობა სოციალურ ქსელში

მარიამი: 2019 წელს ყოფილ მეუღლეს დავშორდი და გადავწყვიტე მთელი დრო თვითგანვითარებისთვის დამეთმო… ერთი მხრივ, პროფესიაზე ვკონცენტრირდი, მეორე მხრივ კი, ფიზიკურ აქტივობაზე – უფრო კონკრეტულად, ზუმბას ვარჯიშებზე. ჩემი პროფესიული ჰორიზონტი ამ პერიოდში კიდევ უფრო გაფართოვდა, ფიტნეს ინსტრუქტორი გავხდი; მსურდა ქალებს მენტალური და ფიზიკური გამოწვევების დაძლევაში დავხმარებოდი, ამგვარად კი საკუთარი თავის სიყვარულისკენ გავძღოლოდი მათ. 2021 წელს ფარმაცევტულ სფეროში ვმუშაობდი, აფთიაქის მენეჯერი ვიყავი, და კარიერული წინსვლისთვის საკატეგორიზაციო გამოცდას ვაბარებდი. მიუხედავად სწორუპოვარი, პროფესიული გეგმებისა, არ მტოვებდა სიყვარულის გაუცნობიერებელი მოთხოვნილება. ფიქრის გაკონტროლება რთულია, გონებაში გამირბენდა ხოლმე აზრი, რომ შევხვდებოდი ადამიანს, ვინც ჩემს მთელ ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლიდა.

ერთ დღეს, ჩემი გახალისების მიზნით, მეგობარმა სამოყვარულო ფოტოები გადამიღო; სურვილი გამოვთქვი ფორტეპიანოსთანაც ვიპოზირებ-მეთქი. ამ ინსტრუმენტს პროფესიონალურ დონეზე ნამდვილად არ ვფლობ, მაგრამ მიხმო თითქოს. მახსოვს, იმ ფოტოში – კარლო რომ მოხიბლა – უმაკიაჟოდ ვიყავი… შესაძლოა, სწორედ ამ ბუნებრიობამ და ავთენტურობამ მიიზიდა.

კარლო: სოციალურ ქსელში მარიამის ფოტო რომ დავინახე, მისი მშვენიერებით გავოცდი! თვალისმომჭრელად ლამაზი იყო! შევყოვნდი, დავაკვირდი და მომენტალურად მივიღე გადაწყვეტილება – უნდა გამეცნო. მივწერე კიდეც – „bellissima!“


ჩვენს სიყვარულის ისტორიაში უსათუოდ ბედისწერის ხელი ურევია. ერთმანეთს „ინსტაგრამზე“ შევხვდით. არადა, საქართველოში ნამყოფი ვიყავი და ნებისმიერ ადგილას შეიძლებოდა გადავყროდი მარიამს… თუმცაღა, მაშინ ჩვენს პირად ცხოვრებაში სულ სხვა ქარი ქროდა. აქაურობას პირველად 2016 წელს ვეწვიე – ნინო სურგულაძის დამსახურებით, რომელმაც ქორწილში უმშვენიერესი კომპოზიცია მოგვიძღვნა.

ჩვეულებრივ, შეყვარების წინაპირობა მონუსხულობაა- შესაძლოა ადამიანმა მოგაჯადოოს გარეგნობით ან განსაკუთრებული, შინაგანი ნაპერწკლით, რომელიც სხვაში არასდროს დაგილანდავს. ეს გაცნობიერების მკაფიო მომენტია, როცა შესცქერი და ცნობ- თითქოს ვიღაც ამოუხსნელად ახლობელს გადაეყარე. ეს აუცილებელი კომპონენტია, რომ სიყვარულმა ხანგრძლივ პერსპექტივაში იცოცხლოს და, ამასთანავე, საზრისი შეიძინოს. მარიამის ფოტო რომ დავინახე, ზუსტად ეს განცდა დამეუფლა. სილამაზე და სიმშვიდე გამოსჭვიოდა მისგან. ისე ორგანულად და ჰარმონიულად პოზირებდა ფორტეპიანოსთან, რომ თავიდან პიანისტიც კი მეგონა. ვიფიქრე, იქნებ ერთად წავიმუშაოთ-მეთქი.

მარიამი: კარლოს ლოს-ანჯელესში ვირტუოზების სკოლა აქვს და სწორედ სკოლის ოფიციალური გვერდიდან შემეხმიანა. შესაბამისად, შეუძლებელი იყო იმის ცოდნა, ვის ვესაუბრებოდი. ზოგადად, ასეთ გვერდებს „ადმინები“ მართავენ და ვერც წარმოიდგენ, რომ შესაძლოა თავად მფლობელი გწერდეს. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მუსიკოსი იყო. რამდენიმე დღეში ახსენა ჩემი ძმისა და დედის ფილმი „ოსკარზეა“ წარდგენილი და შედეგებს ველითო. მე სასიამოვნოდ გავოცდი; თქვენი ძმა და დედა ვინ არიან-მეთქი, დავინტერესდი. ცოტა დაუჯერებელი იყო ჩემთვის იმის გაგება, რომ კარლო პონტის, დიდებულ მაესტროსა და სოფი ლორენის უფროს ვაჟს ვესაუბრებოდი. იმ მეგობარს შევეხმიანე, ვინც ფოტოები გადამიღო, და რჩევა ვკითხე. მან ჩემი დაცვა სცადა- ალბათ, იბრალებს ვინმე, არ მოტყუვდეო. მაშინ, კარლოს „სელფის“ გამოგზავნა ვთხოვე, პასუხად კი ონლაინ შეხვედრის შემოთავაზება მივიღე. არ მიყვარს „ვიდეო ქოლები“ და როგორ დავთანხმდი, არ ვიცი… ინტერესმა მძლია, ალბათ.


თავი მესამე: ნაბიჯ-ნაბიჯ სიყვარულამდე

კარლო: კომუნიკაციის დაწყებიდან ერთ კვირაში, მარიამი მოულოდნელად გაქრა… გარდა იმისა, რომ მომენატრა, ავღელდი კიდეც. ცოტა არ იყოს, შემეშინდა, რომ მისი გაუჩინარება ჩვენი კავშირის დასასრულს ნიშნავდა. ის ვერსიაც განვიხილე, რომ მცდიდა – აინტერესებდა, რას მოვიმოქმედებდი… მაგრამ მის მოლოდინში, პრაგმატული განსჯით მაინც ვერ დავამარცხე მღელვარება. მას შემდეგ, რაც ჩვენ შორის ჩვეული კომუნიკაცია აღდგა, კიდევ უფრო დავაფასე ეს კავშირი; მადლიერი ვიყავი იმისთვის, რომ ამხელა სამყაროში ესოდენ ძვირფასი და განსაკუთრებული ადამიანი ვიპოვე.

ყველაფერი თავისთავად, თანდათანობით და ბუნებრივად განვითარდა. სწორედ ასეთი უნდა იყოს ჯანსაღი და ხარისხიანი ურთიერთობა. იმისთვის, რომ რომანტიკული კავშირი წარმატებულად მივიჩნიოთ, ის ორ კომპონენტს უნდა მოიცავდეს – სიმშვიდესა და მყუდროებას. სიყვარული შეიძლება დაიწყოს თავბრუდამხვევი ვნებითა და ემოციების გრიგალით, მაგრამ თუ სტაბილურობის განცდა არ გეუფლება, თუნდაც საწყის ეტაპზე, პარტნიორის მიმართ სერიოზულად ვერ განეწყობი. მარიამი კი ყოველთვის მგვრიდა სტაბილურობისა და სიმშვიდის განცდას.

მარტში გავიცანით ერთმანეთი და აპრილში საქართველოში ჩამოვედი. მოგეხსენებათ, ორკესტრის დირიჟორი ვარ და ლოს-ანჯელესში საქმე მქონდა, მაგრამ პანდემიის გამო გარკვეული რეგულაციების დაცვა მიწევდა. პროტოკოლის მიხედვით, პირდაპირ ამერიკაში ვერ გავფრინდებოდი ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან. ორი კვირა კარანტინში უნდა გამეტარებინა. ლოგისტიკური საკითხის გასამარტივებლად საქართველოში ჩამოვფრინდი… თუმცაღა, გაგიმხელთ, რომ ჩემი უპირველესი მიზეზი საქართველოში დასაბრუნებლად, სწორედ მარიამი იყო.


რა დასამალია, ვღელავდი მასთან შეხვედრამდე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ დროს ვატარებდით კომუნიკაციაში. სანამ ადამიანს პირისპირ არ ნახავ, დანამდვილებით მაინც არ იცი, არსებობს თუ არა თქვენ შორის ქიმია. აეროპორტში რომ დავინახე, მომენტალურად ვიგრძენი კავშირი მასთან. ამ ფაქტმა ძალიან გამაბედნიერა. აღფრთოვანებისგან ვსაუბრობდი და ვსაუბრობდი, გაუჩერებლად. მარიამი კი ყველაფერზე მეთანხმებოდა. მახსოვს, სასტუმროში მიმაცილა, დამტოვა და დამიბარა, შევხმიანდეთ ამ დღეებშიო. შოკირებული ვიყავი, მეგონა, ჩემთან ერთად ივახშმებდა მაინც (იცინის).

მარიამი: კარლო აეროპორტში რომ ვნახე, ჯერ კიდევ არ ვიყავი ბოლომდე გარკვეული საკუთარ გრძნობებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომუნიკაცია საკმაოდ ინტენსიური იყო. მის პირადად გაცნობას, რა თქმა უნდა, ლაიტმოტივად გასდევდა სასიამოვნო მღელვარება – ბოლოს და ბოლოს, დიდ მაესტროსთან შეხვედრის საშუალება მომეცა. კარლომ მომხიბლა მისი უშუალობითა და უბრალოებით – მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ძლიერი, შემდგარი და წარმატებული პიროვნებაა, პატივსაცემი და ცნობილი ოჯახიდან, არასდროს ამეტებს თავს სხვა ადამიანებს, არც ამპარტავნულ თვითხიბლშია ჩავარდნილი.

იმავეს ვიტყოდი კარლოს ოჯახის წევრებზე – როცა ქალბატონ სოფიასთან მომიწია შეხვედრა, თანაცხოვრება და ყოველდღიურობის გაზიარება (სხვათა შორის, იტალიურს მასწავლის ხოლმე), კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დიადი ადამიანები უბრალოები და უშუალოები არიან; ეს მათ დიდებულებას ამკობს და მეტ ღირებულებას სძენს.


თავი მეოთხე: გაცნობიერება

კარლო: პირველად რომ ჩამოვედი, მოკლე ტური დავგეგმეთ მცხეთასა და ბორჯომში. გზად სამთავროს მონასტერშიც შევიარეთ — ახლახან სწორედ მანდდავიწერეთ ჯვარიც. მარიამს განსაკუთრებული კავშირი აქვს დედასთან დასურდა მისთვის ელოცა. ამიტომ თავსაფარი მოიხვია, ჯერ საკურთხეველსმიუახლოვდა და გაირინდა, შემდეგ კი წმინდა გაბრიელის საფლავისკენ გაემართა. ამისი ცქერისას ემოციის ტალღამ წამლეკა… სულიერი სიმები შემირხია მარიამის ლოცვამ და უმანკოებამ, რომელიც მისგან გამოსჭვიოდა. თავი ვერ შევიკავე და ცრემლები წამსკდა.

მარიამი: კარლოს უკვე დაფიქსირებული ჰქონდა ჩემ მიმართ სიმპათია, მაგრამ სხვა კულტურის შვილია და სიფრთხილეს მაინც ვინარჩუნებდი. მამა გაბრიელის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაქვს, ამიტომ შევთხოვე, დალოცე ჩვენი ურთიერთობა და, თუ უფლის ნებაა, გააძლიერე-მეთქი. რამდენიმე წუთში მონასტრის ეზოში გავედით და შევნიშნე, რომ კარლოს ცრემლი ჰქონდა მომდგარი თვალებზე. უეცრად, გულაჩუყებულმა ჩამიხუტა და შევიგრძენი, როგორი ათრთოლებული იყო. თავიდან ვიფიქრე რელიგიური გრძნობებიმოაწვა-მეთქი. მან კი მიპასუხა, ახლა მივხვდი, რამდენს ნიშნავ ჩემთვისო. ესუკვე მნიშვნელოვანი დასტური იყო იმისა, რომ კარლო პონტის ნამდვილად ვუყვარდი.


ინტერვიუ: თათული ღვინიანიძე
ფოტო: Frame me / Marina Karpiy
ივენთის ორგანიზატორი: Click Events / Click Wedding

Tags: კარლო პონტიმარიამ შარმანაშვილისოფი ლორენი
წინა პოსტი

პამელა ანდერსონის სტილის ტრანსფორმაცია 

შემდეგი პოსტი

მარიამ შარმანაშვილის და კარლო პონტის სიყვარულის ისტორია და ქართული ქორწილი (ნაწილი 2)

შემდეგი პოსტი
მარიამ შარმანაშვილის და კარლო პონტის სიყვარულის ისტორია და ქართული ქორწილი (ნაწილი 2)

მარიამ შარმანაშვილის და კარლო პონტის სიყვარულის ისტორია და ქართული ქორწილი (ნაწილი 2)

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN