პარიზის მაღალი მოდის კვირეული დასრულდა- და როგორც ყოველთვის, მიმდინარე სეზონზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ ყოფილა უბრალოდ ჩვენებების სერია. ჩვენთვის საყვარელმა მოდის სახლებმა თუ დიზაინერებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენეს თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს ერთმანეთზე მოდას და ხელოვნებას. “ოტ- კუტიურ” კვირეული მოდის სამყაროში ყოველთვის ქმნის ახალ ეპოქას, სადაც ერთმანეთს იდეალურად ერწყმის: იდეა, ტექნიკა, ესთეტიკა და ხედვა, რომელიც ქმნის ტენდენციებს.ჩვენთვის კი განსაკუთრებულად სასიხარულოა მკითხველს წარვუდგინოთ ყველაზე გამორჩეული ჩვენებები- სამოსი, რომლის ყოველი დეტალი შთაგონებითაა სავსე.

პარიზის მაღალი მოდის კვირეული ტრადიციულად Schiaparelli -ის ჩვენებით გაიხსნა, დანიელ როუზბერის კოლექციამ კი კვლავ დაიპყრო მოდის მოყვარულების გულები. 2025-2026 წლის შემოდგომა ზამთრის “ოტ-კუტიურ” კოლექციაში როუზბერის ხელწერა ისეთივე სიმძაფრით იგრძნობოდა, როგორც გასულ წლებში: გამოყვანილი სილუეტები, უნიკალური პრინტები თუ აქსესუარები, საოცარი ქსოვილები, იდეალური ფერთა პალიტრა, ტყავის და ბეწვის დეტალებით გაფორმებული სამოსი. როუზბერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სიურრეალიზმის და თანამედროვე ხედვების დაბალანსებაში შეუცვლელი დიზაინერია.

კვირეულის მეორე დღე CHANEL -მა გახსნა და ეს იყო მოდის სახლის ბოლო კოლექცია, რომელიც კრეატიული დირექტორის გარეშე შეიქმნა, რადგან სექტემბრიდან მეთიუ ბლაზი ოფიციალურად შეუერთდება Chanel -ს. კრეატიულო გუნდის მიერ შექმნილ, უახლეს კოლექციაში ბრენდის ესთეტიკა კვლავ გამორჩეული სიმძაფრით იგრძნობოდა და ეს აისახა, როგორც სილუეტებზე, ასევე ფერთა პალიტრაზე. სამოსის მთავარი ინსპირაცია ბუნების სილამაზიდან მოდიოდა, ამაზე მიანიშნებდა თითოეული სტუმრის სკამზე არსებული ოქროსფერი ხორბლის თავთავიც. ეს იყო ნოსტალგია და პატივისცემა კოკო შანელისადმი, რომელიც ინსპირაციას სწორედ ბუნების წიაღში პოულობდა.

კვირეულის გამორჩეულ ჩვენებათა შორის, რთულია არ დავასახელოთ Armani Prive- ის “ოტ კუტიურ” კოლექცია, რომელიც მუდმივად ინარჩუნების მოდის მოყვარულების გამორჩეულ მოწონებას. მიმდინარე სეზონის კოლექციაში მთავარ როლს ჯორჯო არმანისთვის გამორჩეულად საყვარელი- შავი ტონი თამაშობდა, რომელიც იდეალურ ბალანსს ქმნიდა ისეთ ელეგანტურ ფერთა პალიტრასთან, როგორებიცაა: ლურჯი, მწვანე, ნაცრისფერი და ა.შ. 2025-26 წლის შემოდგომა/ზამთრის “ოტ კუტიურ” კოლექციაში კვლავ დავინახეთ არმანის გამორჩეული ხელწერა, რომელსაც ყოველთვის შეუძლია სამოსში იდეალურად დააბალანსოს: ელეგანტური სილუეტები, გამორჩეული ქსოვილები და უნიკალური აქსესუარები.

პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე გამორჩეული დებიუტი შედგა – გლენ მარტენსმა Maison Margiela -სთვის პირველი კოლექცია წარადგინა. სადებიუტო კოლექციაში ულამაზეს სამოსთან ერთად ისეთი საინტერესო და ნოსტალგიური აქსესუარი ვიხილეთ, როგორიცაა- ნიღაბი. მარტენსმა მარტინ მარჯიელას ცნობილი ნიღბები სადებიუტო კოლექციაში დააბრუნა. ნიღბების ისტორია 1989 წელს, მარტინ მარჯიელას პირველი ჩვენებიდან დაიწყო. ბელგიელი დიზაინერის მთავარი მიზანი ის იყო, რომ საზოგადოებას ყურადღება სამოსზე გაემახვილებინა და არა მოდელებზე, მოგვიანებით კი ნიღბები ფრანგული მოდის სახლის განუყოფელ ნაწილად იქცა. სწორედ ამ მნიშვნელოვანი დეტალით წარდგა აუდიტორიის წინაშე მოდის სახლის ახალი კრეატიული დირექტორი- გლენ მარტენსიც.

დაბოლოს, ვინ თუ არა დემნა? დიახ, ისტორია დასრულდა და ეს იყო დემნას ბოლო ჩვენება Balenciaga -სთვის. სულ მალე, ჩვენთვის გამორჩეულად საყვარელი ქართველი დიზაინერი Gucci -ის კრეატიული დირექტორის პოსტს დაიკავებს, Balenciaga -ს კი პიერპაოლო პიჩოლი ჩაიბარებს. ჩვენება Avenue George V-ის ისტორიულ სალონში გაიმართა- სივრცეში, რომელიც კრისტობალ ბალენსიაგამ 1937 წელს გახსნა და დემნამ 2020 წელს ზუსტად პირვანდელი იერსახით აღადგინა. სამოსში მკაფიოდ იგრძნობოდა ბრენდის წარსულის პატივისცემა და დემნას ხედვა, რომელმაც ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მოდის სახლში. ეს იყო საოცარი გამომშვიდობება- ღირსეული ფინალი, რომელიც აუცილებლად დარჩება მოდის ისტორიაში.


