რა ემოციები გიჩნდებათ როდესაც ფილმს უყურებთ? ალბათ, ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ძალიან რთულია, რადგან ყოველი ისტორია განსხვავებულ გრძნობებს თუ ემოციებს აღძრავს, თუმცა, თუ გკითხავთ რომელი ფილმებში იგრძნობა ელეგანტური, დახვეწილი სტილი ყველაზე მეტად, მაშინ რას გვიპასუხებთ? – რა თქმა უნდა, ეს 60-იანი წლების ფრანგული კინემატოგრაფიაა, რომელიც მუდამ გვარწმუნებს, რომ სტილი დროის მიღმა არსებობს. საინტერესოა, რამდენ წელში შეიძლება დაგვავიწყდეს რომი შნაიდერის, ბრიჯიტ ბარდოს ან თუნდაც ჯეინ ბირკინის პერსონაჟების გამორჩეული სტილი? -გეტყვით, რომ თუ რამე მარადიულია, სწორედ ამ მარადიულობის ნაწილია 60-იანი წლების ფრანგული ფილმები და სტილი, რომელიც ამ ფილმებმა გვაჩუქა.
ჩვენ კი, რა შეიძლება შემოგთავაზოთ, თუ არა ფრანგული კლასიკა და შთამაგონებელი სტილი, რომელიც თქვენი ზაფხულის ყოველდღიურობას გამორჩეულს და ყველაზე დასამახსოვრებელს გახდის.
რადგან სტილზე და ზაფხულზე ვსაუბრობთ, სამართლიანი იქნება თუ პირველ რიგში მარადიულ კლასიკას- თეთრ საცურაო კოსტიუმს გავუსვამთ ხაზს. და, პირველად რომელი პერსონაჟი ან ფილმი გაგახსენდებათ? ეს, უპირობოდ, რომი შნაიდერი და ჟან დერეს 1969 წლის ფილმი “La Piscine” იქნება. ალენ დელონის და რომი შნაიდერის დაუვიწყარი ესთეტიკა, რომის გამორჩეული სტილი და აუზის სცენა სადაც ულამაზეს მსახიობს თეთრი საცურაო კოსტიუმი ამშვენებს, რომელიც ნამდვილად იდეალურ კომბინაციას ქმნის მისი კანის, თმის თუ თვალების ფერთან. თუ თქვენი ზაფხულის შვებულებისთვის ჯერ კიდევ არ აგირჩევიათ საცურაო კოსტიუმის ფერი, დაგვერწმუნეთ რომ თეთრი ნამდვილად იდეალურად ერწყმის სანაპიროს სილურჯეს, მზის სხივების ბზინვარებას და, რა თქმა უნდა, გარუჯულ კანს.
რადგან “La Piscine”-ზე ვსაუბრობთ არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ ჯეინ ბირკინის გამორჩეულ სტილს. ალბათ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წელი გავა, სცენა სადაც ჯეინის პერსონაჟს ლურჯი კუბოკრული კაბა ამშვენებს მუდამ გამორჩეული და დაუვიწყარი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქსოვილი სულაც არ არის მარტივად მოსარგები და პირიქით, შეგვიძლია ვთქვათ რომ საკმაოდ პრეტენზიულია, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ლუქის სწორად შერჩევის შემთხვევაში კუბოკრული ქსოვილით შექმნილი სამოსი ნამდვილად გამორჩეულად უხდება ზაფხულის ესთეტიკას.
თუ 2025 წლის ზაფხულის ტრენდებს გადავხედავთ, აუცილებლად აღმოვაჩენთ რომ დიდი ზომის შლაპები ზაფხულის ლუქების გამორჩეული ელემენტია და ასე იყო 1963 წელსაც, როდესაც ჟაკ დემმა ახალი ფილმი- “La baie des anges” წარუდგინა ფართო აუდიტორიას. ფილმში ჟან მოროს პერსონაჟის გამორჩეული სტილი არც 60-იან წლებში დარჩენილა საზოგადოების ყურადღების მიღმა და არც დღეს კარგავს აქტუალობას, თუმცა როდესაც კოსტიუმებზე პიერ კარდენი მუშაობს, სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია. შავ-თეთრი ფილმის ესთეტიკა, მთავარი პერსონაჟის ყვავილებიანი კაბა და შლაპა სანაპიროს ფონზე დღემდე უამრავი ადამიანისთვისაა სტილის ინსპირაცია.
60-იანი წლების ფრანგულ ფილმებზე საუბრისას, წარმოუდგენელია არ გავიხსენოთ ჟან-ლიუკ გოდარის “Le Mépris”. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ბრიჯიტ ბარდოს სტილი ამ ფილმის ყველა სცენაში შეუდარებლად დახვეწილია და არაჩვეულებრივად გადმოსცემს ფრანგი ქალის ესთეტიკას. მაგრამ, მიუხედავად იმისა რომ ბრიჯიტის პერსონაჟი ნებისმიერ სამოსს იდეალურად ირგებს, მაინც შეიძლება გამოვარჩიოთ ერთ, უნიკალური, მუდამ აქტუალური- ლურჯი შარფი თავზე, ზოლებიანი მაისური, ლურჯი კარდიგანი და მუხლამდე სიგრძის ქვედაკაბა, რომელიც იდეალურად ერგება ზაფხულის საღამოს გრილ ამინდებს.
ფრანგი ქალბატონები თავზე შარფს იდეალურად რომ ირგებენ ბრიჯიტ ბარდოს გარდა, ამას რომი შნაიდერიც ადასტურებს, ისევ და ისევ მის გამორჩეულ როლში, ფილმიდან “La Piscine”. გარდა იმისა, რომ თავზე მორგებული შარფი იდეალურად ერწყმის ზაფხულის სამოსს, ალბათ ფრანგული ფილმების გავლენაც განაპირობებს მათ პოპულარობას.
ფილმში “La Piscine” რომი შნაიდერის პერსონაჟს, მარიანას რომ გამორჩეულად ელეგანტური სტილი აქვს ამაში უკვე დავრწმუნდით, თუმცა უსამართლობა იქნება ამ ჩამონათვალში მისი პასტელური ყვითელი კაბა რომ გამოვტოვოთ. ხომ არსებობს კაბები, არასდროს რომ არ დაკარგავს აქტუალობას, იმდენად ელეგანტური კაბები ყველა პერიოდს რომ გამორჩეულად უხდება- სწორედ მათ სიაში შედის მარიანას ყვითელი კაბა მოშიშვლებული ზურგით.
და ბოლოს, ფრანგულ ფილმებზე და სტილზე საუბრისას წარმოუდგენელია არ ვახსენოთ წითელი ფერი, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად უხდება ანა კარინას 1965 წლის ფილმში “Pierrot le Fou”. მიუხედავად იმისა, რომ ფილში მთავრი პერსონაჟის, მარიას სამოსი 60-იანი წლების მოდას იდეალურად გამოხატავს, მისი წითელი კაბები მაინც გამორჩეულად დასამახსოვრებელია. ამიტომ, ზაფხულის ელეგანტური საღამოებისთვის თუ შთაგონებას ეძებთ დაგვერწმუნეთ, რომ ანა კარინას მარია ის პერსონაჟია, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცნოთ.
საინტერესოა, თქვენ რომელ ფილმს გამოარჩევდით ან რომელი პერსონაჟის სტილია თქვენთან ყველაზე ახლოს?
ტექსტი: მარიამ ბექაური