წლების მანძილზე ჰოლივუდმა და ჩვენთვის საყვარელმა ვარსკვლავებმა უამრავი საინტერესო ისტორია გვაჩუქეს, მაგრამ ალბათ არსებობს განსაკუთრებულად ემოციური ამბები, რომლის უკანაც ნამდვილად გამორჩეული სახეები იმალებიან, სწორედ ისეთი როგორიცაა- ამერიკელი მსახიობი ჯორჯ კლუნი.
64 წლის ოსკაროსანი მსახიობმა კინო ინდუსტრიაში 1970-იან წლებში შეაბიჯა და ძალიან მალე დაიმსახურა ხალხის სიყვარული. გარდა იმისა, რომ კლუნი არაჩვეულებრივი სამსახიობო უნარებით გამოირჩეოდა, მისი ჰუმანური ბუნება და თავმდაბლობა ყოველთვის იქცევდა საზოგადოების ყურადღებას. მსახიობი სწორედ მისი პიროვნული მახასიათებლების დამსახურებით გახდა გაეროს მშვიდობის ელჩი 2008 წელს და უკვე ათწლეულებია იბრძვის ადამიანის უფლებების დასაცავად. დღეს კი გავიხსენებთ ისტორიას, რომელიც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ იმაში, რომ დიდება, წარმატება და სიმდიდრე მხოლოდ მაშინ არის ღირებული, როდესაც მისი გაზიარება შეგვიძლია.
ამბავი რომელსაც გიამბობთ პრესაში 2017 წელს გაავრცელა ჯორჯ კლუნის მეგობარმა, რენდი გერბერმა, თუმცა ეს 2013 წელს მოხდა, მაშინ როდესაც მსახიობმა უახლოესი მეგობარი სახლში მიიწვია. ამ საღამოს კლუნმა „The Guys“ უწოდა და 14 ადამიანის ცხოვრება შეცვალა. კლუნის მეგობრებს მასთან სტუმრობისას ვახშამთან ერთად 14 ელეგანტურად განლაგებული Tumi-ს ჩანთა დახვდათ. როგორც გებერი იხსენებს ჯორჯმა საჩუქრის გადაცემამდე სიტყვა წარმოთქვა მეგობრობის და მადლიერების მნშვნელობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ გაუმხილა სტუმრებს თუ რა იმალებოდა ჩანთებში. „ჩანთებს ვხსნით — და შიგნით 1 მილიონი დოლარია 20 დოლარიან კუპიურებით, 14-ვემ მივიღეთ ზუსტად ერთი მილიონი. ყველა შოკში ვიყავით. ვამბობდით: ‘რა ჯანდაბაა ეს?!’“ -აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში რენდი გებერმა.
კლუნისთვის ეს უბრალოდ ფულის დარიგება არ ყოფილა, ეს იყო მადლიერების გამოხატვის ფორმა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მსახიობს ჯერ კიდევ მაშინ დაუდგნენ მხარში, როდესაც ის დიდ ჰოლივუდში პირველ ნაბიჯებს დგამდა. “ვიფიქრე რომ მათ გარეშე მე ეს ცხოვრება არ მექნებოდა. ისინი ჩემს ანდერძში ისედაც იყვნენ, თუმცა რატომ უნდა დავლოდებოდი იმას, თუ როდის დამეჯახებოდა ავტობუსი?”- განაცხადა ჯორჯმა.
ჯორჯ კლუნის ისტორია მილიონიანი საჩუქრების შესახებ არ არის უბრალოდ გულუხვობის მაგალითი- ეს ამბავია მეგობრობაზე, პატივისცემაზე და ადამიანობაზე, რომელიც ძალიან ხშირად იმალება კამერებს მიღმა და დიახ, რომ არა კლუნის მეგობრები ეს ისტორია დღემდე უცნობი იქნებოდა საზოგადოებისთვის.
თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ კლუნის სიკეთის ისტორიები აქ არ სრულდება. 2014 წელს მსახიობმა ლიბანელ იურისტზე, ამალ ალამუდინზე იქორწინა, 2016 წელს კი წყვილმა “კლუნის სამართლის ფონდი” ჩამოაყალიბა, რომელიც დღემდე აქტიურად იცავს ადამიანთა უფლებებს. “ჩვენ დავაფუძნეთ კლუნის სამართლის ფონდი, რადგან გვწამს მსოფლიოსი, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია და არავინ დგას კანონის ზემოთ.”- აღნშნავს წყვილი. დაარსების დღიდან კლუნის ფონდი ყოველწლიურად ფართოვდება და დღეს უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს, ფონდი დაზარალებულებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს და მუდმივად ებრძვის სისტემურ უსამართლობას.
ტექსტი: მარიამ ბექაური